Wednesday, March 18, 2020

სიფაქიზე




გამოვიძახე პროდუკტები ონლაინ, დიდხანს არ მოდიოდა.
იმისგამო რომ ქალაქში პანდემიაა გამოცხადებული, კურიერს მივუთითე რომ ნობათი კარებთან დაეტოვებინა, 
ამიტომ ვიფიქრე ალბათ უკვე მოიტანა და კარებთან დატოვა მეთქი.
კარი გავაღე და გარეთ გავიხედე, ამანათი არ იყო მოტანილი, მაგარამ ჩემს ფეხსაფენზე ეგდო პირბადე, ცისფერი , სველი და ნახმარი! 
მისი დამგდები გვერძე მეზობელი უნდა ყოფილიყო, რომელიც მიუხედავად იმის რომ დიდ ბინაში ცხოვრობდა, 
მაინც უმეტეს დროს სადარბაზოში ატარებდა. 
წამდაუწუმ სიგარეტს ეწეოდა,, ყოველ ნახევარ საათში, დღე და ღამე.. 
კარი მოვხურე და გავბრაზდი, გადავრეკე დედასთან, შვილთან, ქეთისთან.. აღშფოთებული ვუყვებოდი ამ ამბავს.. 
რათქმაუნდა თითოეული მათგანიც ძალიან გაბრაზდებოდა, მაგარამ მე მირჩიეს სიმშვიდე. 
მშვიდად ნამდვილად არ ვიყავი და სიბრაზე მატულობდა..
საჭვრეტელში ვიჭვრიტებოდი, აი ისევ გამოვიდა ეს მეზობელი, მოწია სამი ღერი, მაგარამ პირბადე არ აიღო და არც შეიმჩნია.. 
ამასობაში ჩამოიარა კიდე ერთმა მეზობელმა, რომელიც ჩემს მარჯვნივ ცხოვრობდა, 
თავისი პატარა ისტერიული ძაღლით დაყეფა და თავისთან შებრუნდა, შენიშვნა არც მან გაუკეთა..
როცა სადარბაზო დაცარიელდა კარი ისევ გავაღე, ფეხის ცერით პირბადე მეზობლის კართან მივაგდე და საფენს სადეზინფექციო მოვასხი, 
უკან სახლში შემოვიკეტე და დავიწყე მეზობლის ლოდინი, მისი რეაქცია მაიტერესებდა, თავის ბინძურ საფენს რომ შეამჩნევდა.. 
ასე ვიცქირებოდი საჭვრეტიდან და ველოდი, როგორც გაწვრთნილი მეთევზე.

ბოლობოლო გამოვიდა და დახედა გადაადგილებულ პირბადეს, მერე იმ ადგილს გახედა სადაც მანამდე ეგდო, ანუ ჩემ ფეხსაფენზე.. 
მოუკიდა სიგარეტს და ისევ ჩამოჯდა კუშეტზე,რომელიც კუთხეში მის და ჩემს კარებს შორის მოეთავსებინა უკვე დიდი ხნის წინ.



საჭვრეტელს მოვცილდი და უკან ჩემს ერთოთახიაში მოვკალათდი.. 
რაღაცეებს ვკითხულობდი, რაცას ვწერდი, რა დროსაც კარზე დააკაკუნეს, 
კარისკენ გავეშურე და რომ გავაღე აღმოჩნდა რომ კურიერი მოსულიყო და ჩემი პროდუკტრები მოეტანა.
შეფუთვა რომ გამოვართვი და კარის დაკეტვას რომ ვაპირებდი, 
ჩემდა გასაოცრად შევამჩნიე რომ ცისფერი, სველი და ბინძური პირბადე ისევ იმ ადგილზე ეგდო სადაც ის პირველად შევამჩნიე, 
ანუ ჩემი კარის წინ დაგებულ ფეხსაფენზე. კურიერმაც, სანამ კიბეზე ჩაირბენდა, დახედა მას ზიზრით, თითქოს თავს არიდებდა, 
მისმა ამ გამოხედვამ უფრო გამაბრაზა მეზობელზე, მაგარამ კარი უკვე მოხურული მქონდა და ვერანაირი რეაგირება ვერ მოვასწარი.
ახლა სიმშვიდე საბოლოოდ დავკარგე და ვცდილობდი მომეფიქრებინა როგორ მომეშორებინა თავიდან, 
საზიზღარი პირბადე და თან ისე რომ მეზობელი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, ამ ამაზრზენ საქციელს.
გამოდიოდა თითქოს პირბადე ჩემი იყო, ჩემი გამოყენებული და ჩემი დაგდებული ჩემვე ფეხსაწმენდზე, 
ყველა მეზობელი, სტუმარი თუ კურიერი, ანდა სადარბაზოს მიკედლებული უცხო პიროვნება, 
იფიქრებდა რომ მე დავბრუნდი სახლში და იმის მაგივრად რომ პირბადე ნაგვის ურნაში მესროლა, 
მივაგდე სადარბაზოში, საკუთარი კარის წინ. 
ან კიდე უარესი რომ ეს სხვისი პირბადე იყო მაგრამ მე მას არ ვაშორებდი ჩემს კარს, 
ხო არ ვაგდებდი რადგან ვალდებულად ვთვლიდი კარის მეზობელს რომ ეს გაეკეთებინა, 
რადგან მან დააგდო ეს საზიზღრობა და ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ იყო.
თუმცა ფეხსაფენი ჩემი იყო.. პირბადე ჩემს წინ იდო და ჩემგან ითხოვდა ქმედებას, 
თან ისეთს რომლიდანაც მისი უკან დაბრუნება გამოირიცხებოდა.
დავაბიჯებდი ოთახში, ვბრაზობდი და ვბუზრუნებდი.. 
უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო ქალაქზე და შემთვევით ფანჯრიდან რომ გავხედე ქუჩას, 
საოცარი სილამაზის სურათი დავინახე; ნისლიანი ციდან, ნელა სეუმჩნევლად, წვრილი, 
მაგრამ ხშირი თოვლი ბარდნიდა, ხეების ტოტებს და მანქანების სახურავებს მშვიდად ეფინებოდა , 
მათ კონტურებს რაცხავდა და პეიზაჟს გარდაქმნიდა ერთ მშვენიერად მკრთალ ლაქად.
ამის დანახვაზე გავშეშდი, დიდხანს ვიყურებოდი ფანჯრიდან, არ ვიცოდი რა მექნა, 
გარეთ გავსულიყავი, სურათი გადამეღო თუ უბრალოდ მეცქირა..


მოკლედ ყველაფერი გადამავიწყდა, აღარც შფოტისმომგვრელი ხმაური სადარბაზოდან მაღელვებდა, 
არც ზემოთ მეზობლის პერიოდული ბრახუნი და არც ვირუსის ეპიდემია, ქალაქს ზეციერი მანა ფარავდა.